
"ოცნების" შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია 15 ადამიანი, რომელთაგან დაკავებულია 13.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე, და 187-ე მუხლებიტ მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სამართალდამცავების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი. საიდანაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 13 პირი. თ.მ., ა.ნ., დ.ჟ., ბ.მ., ა.გ., ე.შ., გ.რ., ვ.ფ., დ.ს., მ.მ., ა.ხ., კ.მ., და ს.მ. ორი პირი, ჯერჯერობით, მიმალვაში იმყოფება.
პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
საქართველოს შსს-ის თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის მიზნით", - განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
დარახველიძემ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს 2 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი უკვე გაათავისუფლეს.
მისი მტკიცებით, მეორე დაკავებულის საცხოვრებელის ჩხრეკისას პოლიციამ დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო.
მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"აქვე საზოგადოებას მივაწოდებთ ინფორმაციას იმავე დღეს, 4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში დაკავებული 2 პირის შესახებ.
ქალაქ თბილისის საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს 1979 წელს დაბადებული რ.შ. და 1978 წელს დაბადებულ ს.ფ. რ.შ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო საბრძოლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესასბამისად დაკავებული პირი გათავისუფლდა.
რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ.-ს, სამართალდამცავების მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე სახცოვრებელი ბინის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხურები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმ-ბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 236 მუხლის მესამე ნაწილით. რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას. დანაშაული თავისუფლების 6-წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადეს შსს-ში.
***
აქამდე 4 ოქტომბრის პროცესებთან დაკავშირებით 5 ადამიანი იყო დაკავებული: "ეროვნული კრების" წევრები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე. მათ პროკურატურამ ბრალდება დღეს წარუდგინა. მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.