
დღეიდან მოლდოვა ევრო გადახდების ერთიან სივრცის (SEPA) ოფიციალური ნაწილი გახდა.
ეს ნიშნავს იმას, რომ მოლდოვის მოქალაქეებსა და კომპანიებს ევროში გადარიცხვების განხორციელება სწრაფად, უსაფრთხოდ და დაბალი დანახარჯებით შეეძლებათ.
მოლდოვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ანკა დრაგუმ, განაცხადა, რომ მოლდოვის ინტეგრაცია SEPA-ში ისტორიული მომენტია ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის და ადასტურებს ქვეყნის ევროპულ გზას.
"ეს მიღწევა ხსნის ადმინისტრაციულ ბარიერებს და შემოაქვს ევროპული სტანდარტები მოლდოვის მოქალაქეებისა და ბიზნესის ყოველდღიურ ცხოვრებაში", - განაცხადა ანკა დრაგუმ.
მოლდოვის ეროვნული ბანკის მიხედვით, თუკი ადრე საერთაშორისო გადარიცხვა მოლდოველებს 20-დან 200 ევრომდე უჯდებოდათ, ახლა ის დამუშავდება ისეთივე სტანდარტებითა და ტარიფებით, როგორც ევროკავშირში. ანუ გადარიცხვის ღირებულება მხოლოდ რამდენიმე ევრო ან სრულიად უფასო იქნება.
ცნობისთვის, SEPA არის ევროპული ჩარჩო, რომელიც მონაწილე ქვეყნების საგადახდო სისტემებს შორის ევროში გადარიცხვების განხორციელების საშუალებას იძლევა, ერთნაირი ღირებულების, უსაფრთხოებისა და დამუშავების დროის პირობებში.
SEPA მოიცავს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს, ასევე დიდ ბრიტანეთს, ევროპის ეკონომიკური სივრცის ქვეყნებს - შვეიცარიას, ანდორას, მონაკოს, სან მარინოსა და ვატიკანს.