
"ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომლის მიზანიც, 4 ოქტომბრის აქციაზე მყოფი "დამნაშავეების" დაკავებაა.
მან დაამატა, რომ დღესვე დაკავებული იქნება რამდენიმე ადამიანი.
კობახიძე ასევე ამტკიცებს, რომ შესაბამისმა სამსახურებმა უკვე მოახერხეს იმ "ძალიან ბევრი პირის" ამოცნობა, რომლებიც პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შეიჭრნენ.
"იმისათვის, რომ ვეღარავინ გაბედოს მეექვსე რევოლუცია, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვინც იყო ჩართული, ძალადობაში, ვინც მიიტანა შტურმი პრეზიდენტის რეზიდენციაზე ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს. ასევე ყველას შევახსენეთ 4 ოქტომბრამდე ისიც, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი რესურსი, ამოვიცნოთ მოძალადეები, დამნაშავეები. შესაბამისად, ბევრი მომიტინგე, მოძალადე, უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს.
დღესაც ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია. რამდენიმე დამნაშავწე დღეს იქნება დაკავებული. ეს პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი პირის ამოცნობა არის უკვე მომხდარი, ვინც ძალადობდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე. ნაწილი ბინებში იმალება, ნაწილი რეგიონებში გაიქცა.
[აქციის] გაცხადებული ორგანიზატორი ყველა დაკავებულია. ახლა ვსაუბრობ მათზე, ვინც უშუალოდ შტურმი მიიტანა პრეზიდენტის რეზიდენციაზე. ესენი არიან ამ ახალგზრდული ექსტრემისტული დაჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ კონკრეტული ამოცანა, დავალება მიღებული. მათ უნდა მიეტანათ შტურმი სახელმწიფოზე. თუმცა ნახეთ, რომ ეს შტურმი გამოდგა წარუმატებელი", - განაცხადა კობახიძემ.