ვაშაძე: ცესკოს უარი, არ გვქონდეს წვდომა შედეგებზე, მიუთითებს მონაცემების გადაწერაზე

ვაშაძე: ცესკოს უარი, არ გვქონდეს წვდომა შედეგებზე, მიუთითებს მონაცემების გადაწერაზე

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ცესკოს უარი გახსნას წვდომა შედეგებზე, მიუთითებს, რომ მონაცემები არა უბრალოდ გაყალბებული, არამედ გადაწერილია.

ეს განცხადება მან პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა.

ის ამბობს, რომ ოპოზიცია 24/7-ზე მუშაობს, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები, რათა ყველა მტკიცებულება დაიდოს და "უკან დავიბრუნოთ გამარჯვება".

"ჩვენ სისტემურად ვმუშაობთ, 24/7-ზე ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი გამარჯვება უკან დავიბრუნოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ კოორდინირებული ნაბიჯები.

შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები არჩევნების გაყალბების სხვადასხვა მიმართულებებით, რომ ყველა ეს მტკიცებულება დავდოთ და გაჩვენოთ. თვითონ ის ფაქტი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე უარყოფს და უარს ამბობს წვდომები გვქონდეს სხვადასხვა შედეგებთან, მონაცემებთან, თავისთავად მიუთითებს, რომ ბევრი უბრალოდ კი არ გააყალბეს, გადაწერეს აბსოლუტურად მონაცემები.

ამიტომ, სისტემურად, კოორდინირებულად ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით მოგაწვდით ყველა ინფორმაციას. მესმის, რომ ყველას გვეჩქარება, მაგრამ იცოდეთ, რომ არცერთი ნაბიჯი უკან არ იქნება, ჩვენ ამ პროცესში გავიმარჯვებთ. მთავარია, რომ დემოკრატიული ქვეყნებიდან ამ მომენტისთვის არავის უღიარებია ეს არჩევნები. ეს არის მნიშვნელოვანი, აქ პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და მასთან კოორდინაციაში ვართ", - თქვა გიორგი ვაშაძემ.