ორი უმძიმესი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გუშინ მივიღეთ - ერთი მხრივ, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეა საუბარი და ამასთან ერთად დაფინანსების შეწყვეტაზე და მეორე მიმართულება, ეს არის სანქციები. ბიძინა ივანიშვილის სანქციები არ არის მხოლოდ მისი სანქციები, ეს არის, ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკური კოლაფსისკენ გზა. ეს არის გზა, რომელიც საქართველოს მოაქცევს იზოლაციაში და უმძიმეს ვითარებაში ჩავვარდებით აბსოლუტურად ყველა.
წარმოიდგინეთ, ოცნების ხელისუფლებაში დარჩენით, ივანიშვილის სანქცირებით, საქართველო კარგავს უვიზო მიმოსვლას ევროპასთან, საქართველო კარგავს მილიარდობით დაფინანსებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ევროპული და ამერიკული ინსტიტუტებიდან, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლასა და დანგრევას და მეორე მხრივ, გვყავს ხელისუფლებაში ადამიანი, რომელიც მხილებულია რუსეთთან თანამშრომლობაში. მინდა გუშინდელი ინფორმაციიდან ტექსტი ამოვიღო და ყურადღება მიაქციოთ: "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობა რუს ოლიგარქებთან, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის". რაც ყველაზე საგანგაშოა, მინდა ხაზი გაუსვათ, მან "გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებებით გაატარა".
პირდაპირ ვამბობ, რომ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები ყველა ამ ფაქტის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ 26 ოქტომბერი გადამწყვეტია. საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევით, ოცნება მარცხდება, მაგრამ ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. ერთიანობა იმიტომ, რომ არ წავიდეთ სიღატაკისკენ და იზოლაციისკენ, არამედ წავიდეთ განვითარებისკენ, ევროკავშირისკენ, ყველას გვქონდეს ევროკავშირის პასპორტი, ის 14 მილიარდი მივიღოთ, რომლითაც შეგვიძლია ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. და რაც მთავარია, რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან მოთანამშრომლე ადამიანებს ვუთხრათ უარი, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები.
განაცხადა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
*20 სექტემბერს, ამერიკის ხმამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა.
ასევე, ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ევროკავშირი მონიტორინგს უწევს მოვლენების განვითარებას და მზადაა რეაგირებისთვის - რეაგირებაში კი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც შედის.