ვაკის პარკის საქმეზე მერიის ყოფილ მაღალჩინოსანსა და დაკავებულ ექსპერტს პატიმრობა მიუსაჯეს

ვაკის პარკის საქმეზე მერიის ყოფილ მაღალჩინოსანსა და დაკავებულ ექსპერტს პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 2 პირი - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი გიგა გიგაშვილი და ექსპერტი ვახტანგ ლონდარიძე დამნაშავედ ცნო. გიგა გიგაშვილს 3 წლის ვადით, ხოლო ვახტანგ ლონდარიძეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. სასამართლომ გიგა გიგაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივ გულგრილობაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ვახტანგ ლონდარიძე კი ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებასა და გამოყენებაში.

ექსპერტმა ვახტანგ ლონდარიძემ ბრალი აღიარა და თქვა, რომ პანდემიის დროს ვერ მოახერხა საექსპერტო ჯგუფებთან დაკავშირება და ყალბი დოკუმენტაცია თავად დაამზადა. რაც შეეხება გიგა გიგაშვილს, ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მის კომპეტენციაში არ შედიოდა ბევრი ის საკითხი, რასაც ედავება პროკურატურა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 50 000 ლარით დაჯარიმდა ექსპერტიზადიზაინი, რომელიც ექსპერტიზას ატარებდა ვაკის პარკში. 100 000 ლარით დაჯარიმდა მშენექსპერტი, საექსპერტო ჯგუფი და 250 000 ლარით დაჯარიმდა გრინსერვის+. თავად კომპანიის წარმომადგენლები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და აპირებენ, რომ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

***

12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის ბურთის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

19 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

რა წარსული აქვს კომპანია გრინსერვის+-ს.