The Guardian-ში მზია ამაღლობელის წერილი გამოქვეყნდა

The Guardian-ში მზია ამაღლობელის წერილი გამოქვეყნდა

The Guardian სინდისის პატიმრის მზია ამაღლობელის წერილს აქვეყნებს.

წერილში მზია ამაღლობელი დასავლელ პარტნიორებს მიმართავს და წერს, რომ "ერთად შეუძლიათ სიბნელის დამარცხება, რათა იზეიმოს თავისუფლებამ".

"საქართველო რუსეთი არ არის და ქართველებს არაერთგზის უჩვენებიათ მდგრადობა. რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული აგრესიისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების მიმდინარე დაპატიმრებებისა და გატაცებების მიუხედავად, ჩვენ მაინც ევროპას ვირჩევთ. საქართველოს ახალგაზრდობა წინ მიუძღვის ამ ბრძოლას გამოფიტვის, სასოწარკვეთის და იმ ადამიანების ცივი გათვლების საწინააღმდეგოდ, ვინც მზადაა გაყიდოს ჩვენი თავისუფლება.

რა შეიძლება გაკეთდეს? მხარი დაუჭირეთ საქართველოს ალყაში მოქცეულ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას. ნუ დასჯით რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის გაუქმებით. მიზანში ამოიღეთ ჭეშმარიტად პასუხისმგებელნი პირები: „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლები და მათი ბიზნეს ქსელები. ხმა აიმაღლეთ ქუჩაში გამოსული ადამიანების, ციხეებში მყოფი ჟურნალისტების, იმ საზოგადოების დასაცავად, რომელიც უარს ამბობს დამორჩილებაზე.

საქართველოსთვის მხარდაჭერის შეთავაზება არა მხოლოდ სოლიდარობის აქტია – ეს პრაგმატული არჩევანიცაა. სამეზობლოში კიდევ ერთი რეპრესიული რეჟიმი საფრთხეს შეუქმნის საკუთრივ ევროპის უსაფრთხოებას. საქართველოს მიტოვება ახლა რუსეთის აგრესიის დაჯილდოება იქნებოდა.

საქართველოს ეროვნული დევიზია „ძალა ერთობაშია“. ჩემთვის ევროკავშირის ნაწილად ყოფნა ნიშნავს ამ ძალის გაზიარებას და მასში წვლილის შეტანას.

ჩვენ ვეკუთვნით არა დიქტატურისა და შიშის რუსულ სამყაროს, არამედ თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს. ჩემი საკნიდან უფრო ნათლად ვხედავ, ვიდრე ოდესმე, რომ ევროპა მხოლოდ გეოგრაფია არ არის, ეს ღირებულებებია: ღირსება, სამართლიანობა, თანასწორობა და სოლიდარობა. და საქართველოში ჩვენ ამ ღირებულებებისთვის ვიბრძვით იმ ყველაფრით რაც გვაქვს – კალმით, ხმით და ჩვენი სხეულებით ქუჩებში.

ჩვენი ბრძოლა ევროპის ბრძოლის ნაწილია, ისევე როგორც უკრაინის ბრძოლაა ევროპის ბრძოლა. და მე ვთხოვ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ნუ გაუშვებთ ხელს, ერთად ჩვენ შეგვიძლია სიბნელის დამარცხება, რათა იზეიმოს თავისუფლებამ. რადგანაც, თავისუფლება ჭეშმარიტად უფრო ძვირფასია, ვიდრე სიცოცხლე", - ვკითხულობთ წერილში.