უზენაესის მოსამართლე ვეტინგზე: უხერხულობას ქმნის არარსებულ სისტემაზე რეაგირება

უზენაესის მოსამართლე ვეტინგზე: უხერხულობას ქმნის არარსებულ სისტემაზე რეაგირება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ეკატერინე გასიტაშვილმა 11 მარტის პლენუმის სხდომაზე, სადაც ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განცხადება მიიღეს, აღნიშნა, რომ არარსებულ სისტემასთან დაკავშირებით შეფასების გაკეთება "უხერხულობას ქმნის". სხდომის ჩანაწერი გამოცემა ნეტგაზეთმა გამოითხოვა.

"მე სიტყვა "ვეტინგს" მოვერიდებოდი [სასამართლოს განცხადებაში], განა იმიტომ, რომ ვინმეს რამე შიში აქვს, ადამიანებს, რომლებსაც გვაქვს მანდატი, რომ გადაწყვეტილებები საქართველოს სახელით მივიღოთ და ამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, აქ შიშზე არაა საუბარი… აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჯერ არ გვაქვს არანაირი პროცედურა და თუკი ევროკავშირის რეკომენდაციიდან გამომდინარე მიიღო საკანონმდებლო ხელისუფლებამ გარკვეული [საკანონმდებლო] მოწესრიგება, მე მაგალითად თავს უხერხულად ვიგრძნობდი, რომ გავაკეთეთ განცხადება რაღაც მოწესრიგებაზე და შესაძლოა ის აბსოლუტურად მისაღები ფორმით იქნას მიღებული.

უხერხულობას ქმნის არარსებულ სისტემასთან დაკავშირებით ამაზე რეაგირება მაშინ, როცა მე არ ვიცი, ხვალ საკანონმდებლო ხელისუფლება რა გადაწყვეტილებას მიიღოს და მე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, პლენუმის წევრს განცხადება მაქვს გაკეთებული წინასწარ, რომ რაღაცას არ დავექვემდებარები და არ დავემორჩილები", - აღნიშნა მოსამართლე გასიტაშვილმა.

***

11 მარტს უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. "ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.

განცხადებაში სასამართლო ირწმუნება, რომ ვეტინგი "ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი.

სასამართლოში ფიქრობენ, რომ ვეტინგის სისტემა "მიზნად ისახავს "კეთილსინდისიერების" შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე".

სხდომას 22 მოსამართლე ესწრებოდა. აღნიშნულ განცხადებას უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური არ დაეთანხმნენ.