მას შემდეგ, რა თურქეთმა NATO-ში შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, უნგრეთში განაცხადეს, რომ სტოკჰოლმის მისწრაფებას მწვანე შუქს უნთებენ.
"უნგრეთის პოზიცია ნათელია: ჩვენ გვჭირდება მშვიდობა უკრაინაში რაც შეიძლება მალე, რადგან ეს არის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა. ჩვენი პოზიცია შვედეთთან მიმართებაშიც ნათელია: მთავრობა მხარს უჭერს NATO-სთან დაკავშირებას, ამიტომ ამ საკითხზე წინადადება პარლამენტს მრავალი თვის წინ წარვუდგინეთ. რატიფიკაციის პროცესის დახურვა მხოლოდ ტექნიკური საკითხია", - დაწერა ფეისბუქზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ვილნიუსის სამიტის დაწყების წინ.
გასულ კვირას პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა შვედეთის განაცხადის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და თქვა, რომ თუ ანკარა პოზიციას შეცვლიდა "არავითარი შეფერხება" არ იქნება.
ამასთან, წარსულში უნგრეთის ხელისუფლება ამართლებდა შვედეთის გაწევრიანების შეფერხებას და სტოკჰოლმს ცილისწამებაში ადანაშაულებდა, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კრიტიკის გამო. გარდა ამისა, ბუდაპეშტში აცხადებდნენ, რომ სტოკჰოლმი თავის პოლიტიკურ გავლენებს იყენებდა, რათა უნგრეთის ინტერესებისთვის ზიანი მიეყენებინა.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ 2022 წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადეს.
ფინეთის შემთხვევაშიც უნგრეთი არ ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას და თურქეთის გადაწყვეტილებას ელოდა.
აპრილში ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი გახდა.