"უნდა გავაგრძელოთ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯები" - მიშელი რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნაზე

"უნდა გავაგრძელოთ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯები" - მიშელი რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას მიესალმება და ამბობს, რომ მოსახლეობის დახმარების მიზნით, მსგავსი ნაბიჯები კვლავ უნდა გაგრძელდეს. ის მადლობას უხდის გაეროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, წითელ ჯვარსა და მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს.

"მივესალმები დღეს დილით ეგვიპტიდან ღაზაში პირველი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოების გადასვლას. უნდა გავაგრძელოთ მსგავსი პოზიტიური ნაბიჯების განხორციელება, რათა ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ მივუტანოთ", - წერს ის.

დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. CNN წერს, რომ მას შემდეგ, რაც 20 სატვირთო ღაზის სექტორში გადავიდა, გამშვები პუნქტი დაიკეტა.

19 ოქტომბერს ჯო ბაიდენი ეგვიპტის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტე რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა. მან თქვა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 20 სატვირთო მანქანა შევიდოდა, თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

მანამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიან ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს ისრაელის ტერიტორიიდან მანამ არ განხორციელდება, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.

ამას წინ უძღოდა ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი - ის შეხვდა ე.წ. ომის კაბინეტს და მათ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ამასთან, პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს ბაიდენმა თქვა, რომ ღაზის საავადმყოფოზე იერში არა ისრაელმა, არამედ "სხვა ჯგუფმა" მიიტანა. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ კლინიკის დაბომბვაზე განცხადება თავდაცვის დეპარტამენტისგან მიღებული ცნობების საფუძველზე გააკეთა.

ვიზიტის დასრულების წინ ბაიდენმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კონგრესს მიმართა, ისრაელს თავდაცვის "უპრეცედენტო" დახმარების პაკეტი გამოუყოს. სწორედ აქ გააჟღერა მან პირველად ინფორმაცია, რომ ისრაელი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაშვებას დათანხმდა.