
ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ბრძანების თანახმად, უმცროსი ექიმები, რომლებსაც რეზიდენტურა არ გაუვლიათ, მაგრამ აქვთ, სულ მცირე, "შესაბამისი ვადის პრაქტიკული გამოცდილება", სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვებიან.
უმცროსი ექიმის დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესი და პირობები, ასევე დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა მიხეილ სარჯველაძემ 31 ივლისს დაამტკიცა.
ქართული ოცნების ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ცვლილებების მიხედვით, დეფიციტურ სპეციალობებში დასაქმებულ უმცროს ექიმებს, ვინც ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა უკვე ჩააბარა და კლინიკაში, რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული ვადით მუშაობს, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გავიდნენ და მიიღონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ცვლილება პარლამენტის მიერაა ინიცირებული, სამინისტრომ კი დეფიციტური სპეციალობების ნუსხა, დეტალური მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განსაზღვრა, სადაც გათვალისწინებულია ექიმთა სერტიფიკატები, დასაქმების ფაქტობრივი მაჩვენებლები, ასაკობრივი და გეოგრაფიული განაწილება, რეზიდენტურაში სწავლის მონაცემები და სხვა.
ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა ასეთია:
• ფსიქიატრია
• რადიაციული ონკოლოგია
• ბავშვთა გასტროენტეროლოგია
• პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია
• ბირთვული მედიცინა
• კარდიოქირურგია
• ნეიროქირურგია
• ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
• ნეფროლოგია
• გადაუდებელი მედიცინა
• ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
• ბავშვთა ინფექციური სნეულებები
• ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია
• ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია
• პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
• ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
• რევმატოლოგია
• სასამართლო მედიცინა