დღეს უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეოჩართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ამ მონაკვეთზე მოძრაობის სრულად აღდგენა "უკვე ქალაქსაც დაეტყო".
"როგორც დაგპირდით, დღეს, ორშაბათს ორმხრივად გაიხსნა მოძრაობა უნივერსიტეტის ქუჩაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული გამოცვლა, იმიტომ, რომ იყო უმძიმესი მდგომარეობა.
საგზაო ინფრასტრუქტურა დამთავრებულია, მოძრაობა უკვე ორმხრივად არის შესაძლებელი, თავისუფლად გადაადგილდება ავტომობილები. უკვე ქალაქსაც დაეტყო, სხვათა შორის. გვახსოვს, დილით როგორი საცობები იყო აღნიშნული ქუჩის ჩაკეტვის გამო და პრობლემა იყო გადაადგილების თვალსაზრისით", - განაცხადა კალაძემ.
მერიამ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია 10 ივნისს დაიწყო. შეზღუდვების პერიოდში ავტომობილებს უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად შეეძლოთ - ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეზღუდული იყო.