თბილისის მერია 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
"ვიწყებთ უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები 10 ივნისიდან დაიწყება. ძალიან მძიმე მდგომარეობაა აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, ბევრი ავტომობილი გადაადგილდება დღის განმავლობაში და ეს ქუჩა საჭიროებს რეაბილიტაციას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია, საჭიროებს განახლებას, მოწესრიგებას და ვიწყებთ ამ სამუშაოებით. 1 600 მეტრ სიგრძის გზის სავალ ნაწილზე დაეგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, გარე განათების ქსელი, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვემოთ იქნება ჩატანილი, ახალი სანათები და განათების ბოძები დამონტაჟდება, ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ინფრასტრუქტურა ყველანაირად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვების პერიოდში ავტომობილები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილებას მხოლოდ ცალმხრივად შეძლებენ - ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ.
"სატრანსპორტო საშუალებებს მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით.
ასევე პერიოდულად, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, შეიზღუდება უნივერსიტეტისა და მიმდებარე ქუჩებს შორის ავტომანქანების მოძრაობა.
შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა:
N363 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად - სოფელ თხინვალადან პეტრე ქავთარაძის ქუჩით დაუკავშირდება უნივერსიტეტის ქუჩას და დაეშვება თამარაშვილის გამზირისკენ, შემდეგ კი გაემართება სოფელ თხინვალას მიმართულებით.
N302, N304, N310, N392 ავტობუსები უნივერსიტეტის ქუჩისა და გიორგი დანელიას ქუჩის კვეთასთან წრეზე მობრუნდებიან კვლავ უნივერსიტეტის ქუჩისკენ, სადაც იქნება მათი ბოლო გაჩერება", - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.