უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ბახმუტში დაძაბული ვითარებაა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსები ცდილობენ მედესანტეები გამოიყენონ.
"ბახმუტში ვითარება კვლავ ძალიან დაძაბულია. იქ მტერი ცდილობს გამოიყენოს არა მხოლოდ ვაგნერელები, არამედ მედესანტეების პროფესიული ნაწილები. ჩვენს დამცველებს რთულ პირობებში უწევთ მტრის წინსვლის შეჩერება. "ხორტიცას" ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის სარდლობა საბძოლო ზონაში მუშაობს და ადგილზე სიტუაციას სრულად აკონტროლებს", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის ირგვლივ პოზიციები აღადგინეს. ამავდროულად, ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქში მცირე წარმატებას მიაღწიეს.
სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსული ჯარების ზამთრის შეტევამ კრემლის მიერ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია - დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ტერიტორიების დაკავებას 31 მარტამდე.