უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით რუსულმა ძალებმა ზოგიერთ მონაკვეთზე უკან დაიხია.
"ბახმუტის მიმართულებით გააზრებული თავდაცვის შედეგად ჩვენი ქვედანაყოფების ეფექტური ქმედებების შედეგებს ვიღებთ. მათ შორის წარმატებულ კონტრიერიშებს ვაწარმოებთ. ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე მტერმა ვერ მოახერხა უკრაინელი დამცველების ზეწოლის შეკავება და 2 კილომეტრამდე უკან დაიხია", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
სირსკი ამბობს, რომ უკრაინის ძალებს საიმედოდ უკავიათ ფრონტი და რუსულ არმიას წინ წაწევის საშუალებას არ აძლევენ. მისი თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება.
7 მაისს, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა განაცხადა, რომ მტერი გეგმების შეცვლას არ აპირებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ბახმუტზე კონტროლი დაამყაროს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ვითარება აღმოსავლეთ ფრონტზე დაძაბული, მაგრამ კონტროლირებადია.