გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: 27 სექტემბერი - რათა ჩვენი არჩევანი კვლავ გახდეს ჩვენი გამარჯვება!

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: 27 სექტემბერი - რათა ჩვენი არჩევანი კვლავ გახდეს ჩვენი გამარჯვება!

ორი თარიღი ერთ დღეში: სოხუმის დაცემა - ჩვენი შეუხორცებელი ჭრილობა და ჯვართამაღლება - მნიშვნელოვანი დღე საეკლესიო კალენდარში, ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი არჩევანი. დღეს ორივე ერთად გვაუწყებს, სად ვდგავართ და რას ვერ დავთმობთ.

1993 წლის 27 სექტემბერი - დიდი ეროვნული ტრავმის სიმბოლო. სოხუმის დაცემამ და აფხაზეთის დროებითმა დაკარგვამ ათასობით ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე, წამება, ტყვეობა და მშობლიური კერის მიტოვება მოიტანა. ეს იყო ეთნიკური წმენდის, ომის სიმხეცის და სახელმწიფოს სისუსტის მძიმე გაკვეთილი. იმ დღეების სიმძიმე ჩვენი კოლექტიური მეხსიერების ნაწილია, თუმცა გლოვა არ უნდა გადაიქცეს შიშად, არც იმედგაცრუებად.. გლოვის საპირისპირო მხარეს დგას მოვალეობა - სახელმწიფოს გამაგრება, უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერება, დევნილთა ღირსეული დაბრუნების გზის მომზადება მხოლოდ სამართლის, პარტნიორობისა და ძლიერი ინსტიტუტების მეშვეობით.

ეს დღე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარში ერთ-ერთი გამორჩეული, შეიძლება ვუწოდოთ - საყრდენი დღესასწაულია - ჯვართამაღლება.

მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევამ ორმაგი კვალი დატოვა: ბიზანტიის იმპერატორის მიერ ქართლის გაქრისტიანების და მეგობრობის ნიშნად გამოგზავნილი გოლგოთის ჯვრის სამსჭვალიანი, მცხეთის თავზე აღმართული ჯვარი გახდა კერპთაყვანისცემლობის დამარცხების, ღირსებისა და ქრისტიანულ ცივილიზაციაში საკუთარი ადგილის გაცნობიერების ნიშანი. სწორედ ამ ნიშნით ამოირჩია საქართველომ დასავლური ქრისტიანული სამყარო - ღირებულებებით, განათლებით, სამართლით, სოლიდარობით. და ეს იყო არა მხოლოდ სარწმუნოებრივი არჩევანი, არამედ დასავლური გეოპოლიტიკური კურსის მკაფიო დასტური - კურსისა, რომელსაც ჯერ კიდევ ქრისტიანობამდეც ირჩევდნენ ქართული სამეფოები და რომელიც ამ გადაწყვეტილებით, ამ მოვლენით საბოლოოდ გამყარდა. სწორედ ამ ისტორიულ კურსს არყევს დღეს ივანიშვილის „რუსული ოცნების“ ანტიდასავლური კამპანია, რომელიც უკიდურესად დამაზიანებელ და მავნებლურ პოლიტიკად იქცა და დაუყოვნებლივ შემოტრიალებას საჭიროებს.

დღეს, როცა ოცნება ტრადიციულ ღირებულებათა დამცველის სახელით ცდილობს დაგვაშოროს ჩვენსავე ისტორიულ არჩევანს, 27 სექტემბერი გვახსენებს: ჯვარი არა იზოლაციის, არამედ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ნიშანია. ის არ ამართლებს სიცრუეს, ძალადობასა და ადამიანის უფლებების შეურაცხყოფას; გვავალებს სიმართლის თქმას, სუსტის დაცვას და ეთიკის პრინციპებისადმი პოლიტიკის დამორჩილებას. ეს პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას - მოქალაქეს, მედიას, სახელმწიფოს და, განსაკუთრებით, ეკლესიას, რომელიც არ შეიძლება გადაიქცეს პოლიტიკური კონიუნქტურის დამატებად; მისი ხმა უნდა ისმოდეს ღირსებისა და ქრისტიანული, ანუ სამართლიანი მშვიდობის მხარეს.

სოხუმის დაცემის დღე და ჯვართამაღლება ერთ დღეში გვასწავლის ერთსა და იმავე გაკვეთილს: გამარჯვება ვერ და არ მოვა არც რევანშით და არც ლოზუნგებით. დაბრუნების გზა გადის ძლიერ ინსტიტუტებზე, დამოუკიდებელ სასამართლოზე, პროფესიულ არმიაზე, ეკონომიკურ მდგრადობაზე და ისეთ საერთაშორისო პარტნიორობაზე დაყრდნობით, რომელიც მტერს არ უტოვებს სივრცეს შანტაჟისთვის. ეს არის არჩევანი, რომელიც საუკუნეების წინ გავაკეთეთ და რომელსაც ახლაც ყოველდღე უნდა ვადასტურებდეთ.

თუ 27 სექტემბერს მხოლოდ გუშინდელ ტკივილად დავტოვებთ, ვერც ხვალის უსაფრთხოებას დავიცავთ. მაგრამ თუ მას ვაქცევთ პასუხისმგებლობის ნიშნად - ღირსების, ერთობისა და სამართლის პოლიტიკად - მაშინ ეს დღე ტრავმისგან გადაიქცევა გზამკვლევად. და როდესაც ვამბობთ „დაბრუნება“, ვგულისხმობთ არა მხოლოდ გეოგრაფიას, არამედ სახელმწიფოებრივ მდგომარეობას, სადაც სოხუმამდე მისასვლელი გზა უნივერსალური პოლიტიკური და სარწმუნოებრივი, მათ შორის პირველ რიგში ქრისტიანული ეთიკით არის გაკვალული.

27 სექტემბერი გვახსენებს და გვავალებს - არ დავივიწყოთ სოხუმი და კვლავ მამონაზე არ გვცვალოთ მცხეთის თავზე აღმართული ჯვარი: ვიყოთ თავისუფლების, სამართლისა და სოლიდარობის მხარეს, რათა ჩვენი არჩევანი კვლავ გახდეს ჩვენი გამარჯვება!