
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "წესით მალე, ოქტომბერში" შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს "კოლექტიური ნაცმოძრაობის" აკრძალვასთან დაკავშირებით.
ის ირწმუნება, რომ ეს "დემოკრატიული პროცესია".
"წესით მალე, ოქტომბერში, წესით, შევა შესაბამისი სარჩელი ყველა იმ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრება კოლექტიური ნაცმოძრაობის ქვეშ. ეს არის დემოკრატიული პროცესი და ეს სარჩელი აუცილებლად შევა საკონსტიტუციო სასამართლოში", - ამბობს ის.
26 სექტემბერს თეა წულუკიანმა თქვა, რომ ქართულ ოცნებას სურს, ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე და საკონსტიტუციო სასამართლოს გავლით, აკრძალოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობა.
თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ ამ ნაბიჯით ქართული ოცნება "უზრუნველყოფს", რომ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ეს პოლიტიკოსები ქვეყნის სათავეში აღარ დაბრუნდნენ.
პარლამენტში მოქმედმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, კომისიის დასკვნის 430-გვერდიან პროექტს ერთხმად მხარი 4 აგვისტოს დაუჭირა მხარი.
თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ ამ დოკუმენტში მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით წარმოჩენილია "სხვადასხვა ამბავი და ტრაგედიები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის თავს დაატრიალა."