კახოვკას ჰიდროელექტროსადგური მთლიანად განადგურებულია და აღდგენას არ ექვემდებარება. ამის შესახებ სახელმწიფო ჰიდროენერგეტიკული კომპანია უკრჰიდროენერგოს პრესსამსახურში განაცხადეს.
"6 ივნისის დილის მდგომარეობით კახოვკას წყალსაცავში წყლის დონე სწრაფად იკლებს, დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია პოტენციური წყალდიდობის ზონებიდან", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
უკრჰიდროენერგოში დააზუსტეს, რომ წყალსაცავის დონის უკონტროლო ვარდნა დამატებითი საფრთხეა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. კახოვკას წყალსაცავიდან წყალი აუცილებელია სადგურისთვის ტურბინების კონდენსატორებისთვისა და სადგურის უსაფრთხოების სისტემებისთვის.
ის, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგური აღდგენას არ ექვემდებარება დაადასტურა ქალაქ ნოვაია კახოვკას ოკუპანტმა ხელისუფლებამაც. რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი ვლადმირი ლეონტიევი ამბობს, რომ სადგური თავიდან უნდა აშენდეს.
დღეს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. სადგურის განადგურებაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის თქმით, "ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები".
მისივე თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. პროკუდინმა, ასევე, აღნიშნა, რომ წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.