
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთმა პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, სპეციალურ ოპერაცია, სახელად "ორეული" აამოქმედა.
დაზვერვის ცნობით, აღნიშნული ოპერაცია სოციალურ ქსელებში ვებსაიტებისა და გვერდების შექმნას მოიცავს, რომლებიც გარეგნულად და შინაარსით დასავლური მედიის სტილშია. განცხადებაში ასევე წერია, რომ ეს სპეცოპერაცია არამარტო პოლონეთისკენ, არამედ ასევე ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული.
"კრემლის მთავარი იარაღი სპეციალური ოპერაციაა, რომელსაც ორეული ჰქვია. ეს არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ხანგრძლივი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნებისკენ.
ამ ოპერაციის ფარგლებში, კრემლის სპეცსამსახურები სოციალურ ქსელებში ქმნიან ვებსაიტებსა და გვერდებს, რომლებიც შინაარსითა და გარეგნობით რეალურ დასავლურ მედიას ბაძავენ. ასეთ რესურსებზე დაყრდნობით, კრემლი რეალური ამბების საფარქვეშ დეზინფორმაციას ავრცელებს.
პოლონელ ამომრჩევლებზე ზემოქმედების მიზნით, მიმდინარე წლის მარტიდან, რუსეთის სპეცსამსახურები ავრცელებენ ცრუ და მანიპულაციურ შეტყობინებებს, კერძოდ, სოციალურ ქსელ X-ზე, ბოტ-ფერმებისა და ხელოვნური ანგარიშების აქტიური მონაწილეობით, რომლებიც რეალურ ამომრჩევლებს ბაძავდნენ.
კრემლის მიერ გამოყენებული ძირითადი გზავნილები შემოიფარგლება პოლონეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერის კრიტიკით, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისკენ მოწოდებით და დონალდ ტუსკის მთავრობის პოლიტიკის დისკრედიტაციით. ამავდროულად, პრორუსული მედია უკრაინის შესახებ ნეგატიურ იმიჯს ქმნის და მას პოლონეთის პოლიტიკაში "ქაოსის" მთავარ ფაქტორად მიიჩნევს.
აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ქმედებები მოსკოვის მიერ ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნებზე ჰიბრიდული ზეწოლის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მათი შიდა ერთიანობის შესუსტებას", - ავრცელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო.