ნიდერლანდები საქართველოსთან MATRA-ს კანონის უზენაესობის პროგრამას დროებით წყვეტს.
ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ მიზეზი "ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობა და ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებია".
"ეს მართლაც რთული გადაწყვეტილება იყო. ქყვეყნის კანონის უზენაესობის გაძლიერების პროცესში, ნიდერლანდების სამეფო ყოველთვის იყო და არის საქართველოს მხარდამჭერი და პარტნიორი. MATRA-ს კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, წლების განმავლობაში, ორასამდე ქართველმა ოფიციალურმა პირმა და საჯარო მოხელემ მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროცესში, რამაც საქართველოს საჯარო ინსტიტუციის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თავის მხრივ, ქართველმა მონაწილეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სასწავლო პროგრამის ხარისხის განვითარებაში. MATRA-ს პროგრამის კურსდამთავრებულები ჩვენი საელჩოს კონტაქტების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
პროგრამის დროებითი შეწყვეტა უკავშირდება ქვეყანაში გაუარესებულ მდგომარეობას, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ქმედებებმა გამოიწვია.
ვიმედოვნებთ, მომავალში ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, კვლავ შევძლებთ ქართველი მონაწილეების მიღებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.