უკრაინამ ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული 10 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული 10 ბავშვი დაიბრუნა

დღეს უკრაინამ ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული 10 ბავშვი დაიბრუნა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის "გადაარჩინე უკრაინა" აღმასრულებელმა დირექტორმა, მიკოლა კულებამ განაცხადა.

"მათ შორის, ვინც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება მოახერხა, ალინაა. მას მხოლოდ მამა დარჩა მას შემდეგ, რაც დედამისი რუსებმა დაადეპორტეს. ბავშვს აიძულებდნენ რუსულ სკოლაში სწავლას, რუსეთის ჰიმნის შესრულებას და აგრესორი ქვეყნის "სიდიადეზე" ფილმების ყურებას.

განსაკუთრებით ცინიკურია ის, რომ ოკუპანტები ბავშვებს აიძულებდნენ დაეწერათ წერილები ჯარისკაცებისთვის, რომლებიც კლავენ მათ მამებს, დედებს, ძმებსა და დებს. ასევე, განედიდებინათ ქვეყანა, რომელმაც მათ მშვიდობიანი ცხოვრება წაართვა", - ამბობს კულება.

კულებას თქმით, არსებული მონაცემებით, რუსეთის ან ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიაზე, 2014 წლის შემდეგ 1.5 მილიონი უკრაინელი ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს.

უკრაინული მედია UNIAN-ის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 19 514 ბავშვის რუსეთში უკანონო დეპორტაციის შესახებაა ცნობილი, მათგან 4 000 ობოლია.