უიტმორი: ივანიშვილი და ქართული ოცნება კრემლს ისტორიის გადაწერაში ეხმარებიან

ვფიქრობ, ამ ყველაფერს რამდენიმე აუდიტორია ჰყავს და [ერთდროულად] რამდენიმე რამ ხდება. უპირველესად, ვფიქრობ ბატონი ივანიშვილი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ის [ვლადიმირ] პუტინის პატარა დამხმარეა, ქართული ოცნების წევრებიც პუტინის პატარა თანაშემწეები არიან, რადგან ისინი პუტინს და კრემლს ისტორიის გადაწერაში ეხმარებიან, რისი კეთებაც, ისტორიულად, კრემლს ძალიან მოსწონს. ისინი ყოველთვის თავიდან წერენ [სხვა] ისტორიას: რუსეთი იჭრება საქართველოში, და ეს არა რუსეთის, არამედ საქართველოს ბრალია, რომ გაბედა და მოინდომა საკუთარი თავის დაცვა გარე აგრესიისგან. ამას ვხედავთ ისევ და ისევ და ისევ, როცა მოსკოვი თავის აგრესიას სხვა ქვეყანას აბრალებს, იმ ქვეყანას, რომელიც მისი აგრესიის სამიზნეა.

ამ შემთხვევაში ძალიან გამორჩეული ისაა, რომ არის საქართველოს უდიდესი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ამ ნარატივის გათამაშებას ეხმარება. ამბობს, რომ დიახ, ეს ჩვენი ბრალია. ქვეყნის შიგნით, ცხადია, ის ცდილობს წინა მთავრობის დადანაშაულებას, ეს ნამდვილად ამ ყველაფრის შიდაპოლიტიკური ნაწილია, რომ ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულებას ცდილობს. არ ვიცი რამდენი ქართველი დაიჯერებს ამას. მაგრამ, უფრო ფართოდ, ვფიქრობ, რაც ხდება, ძალიან, ძალიან საშიშია: ივანიშვილი ეხმარება რუსეთის ძალისხმევას, გადაწეროს ისტორია.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც გამოდის და ბოდიშს იხდის მისი წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს გამო, რომ ის იცავდა უკრაინას რუსეთის თავდაპირველი აგრესიისგან 2014 წელს? მე ეს ვერ წარმომიდგენია. ეს ფანტასტიკის ჟანრი იქნებოდა. მაგრამ, აი ამას ვხედავთ საქართველოში: გვყავს ახლანდელი ხელისუფლების დეფაქტო ლიდერი, მიუხედავად იმისა, რომ მას არ უკავია სამთავრობო თანამდებობა, რომელიც აკეთებს ამას, არის პუტინის პატარა დამხმარე. ეს ყველაფერი კი, უფრო ზოგადად, და მინისტრ ლავროვის რეაქციაც აჩვენებს, რომ რუსეთი ძალიან კმაყოფილია თავისი პატარა დამხმარით. ესაა, რასაც ისინი აკეთებენ და რასაც ისინი წარმოადგენენ.

ეს საშიშია, რადგან ესაა ისტორიის გადაწერის მცდელობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რა მოხდა 2008 წელს, საქართველოში ვიყავი 2008 წელს. ვიცი, რა მოხდა მაშინ და ეს დიდი საიდუმლო არავისთვისაა. მაგრამ, იმ მითის გამეორება, რომ თითქოს როგორღაც საქართველოა ამ ომში დამნაშავე ძალიან, ძალიან საშიშია. საშიშია ქართველებისთვის, საშიშია სხვებისთვის რეგიონში. ეს არ ნიშნავს, რომ წინა მთავრობას იმ ომში შეცდომები არ დაუშვია. მან დაუშვა შეცდომები, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია ქვეყანა დაადანაშაულო იმაში, რომ თავის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ის თავს იცავდა, ეს უბრალოდ აბსურდის სამყაროსაც კი სცდება.

განაცხადა ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.