ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს თემაზე სპეციალური განხილვა მიმდინარეობს. განხილვას წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობს.
როგორც ჯო უილსონმა განხილვის დაწყებისას თქვა, დღეს ისაუბრებენ "ძალიან რთულ მდგომარეობაზე, რომელიც საქართველოში არის შექმნილი". მან ისაუბრა რუსულ კანონზე, ასევე, თავდასხმებზე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება ვლადიმერ პუტინსა და სხვა ავტორიტარულ მმართველებს.
ჯო უილსონმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება. ის მიესალმა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სავიზო აკრძალვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს სანქციების დაწესება მათ მიმართ, ვინც "ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ახორციელებს რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ".
"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპელ კოლეგებს ძალიან ძლიერი, მყარი ურთიერთობა გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეებთან. სამწუხაროდ, მოხდა ამ ღირებულებებზე შეტევა მმართველი პარტიის ქართული ოცნების მხრიდან, რომელსაც მართავს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. ქართულმა ოცნებამ დაგმო ყოველმხრივი ევროპული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის, მიიღო უცხოელი აგენტების კანონი და ამას მოჰყვა მასობრივი პროტესტი და მმართველმა პარტიამ უარყო საზოგადოების აზრი. ეს კანონი ახორციელებს სტიგმატიზებას და ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და ახშობს საპირისპირო აზრის გამოთქმას. ეს გახლავთ მხოლოდ აისბერგის მხოლოდ მწვერვალი. სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც, როგორიცაა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, სასამართლოს კონტროლის თვალსაზრისით.
ასევე, ხდება ოპოზიციის ოფისების განადგურება. საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს და სხვა ავტორიტარულ მმართველებს, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მხრიდან საქართველოს 20%-ია ოკუპირებული. აქტიურად ხდება პუტინის პოლიტიკის გადმოღება. საქართველოს უსაფრთხოების ძალები დარტყმას ახორციელებენ მოქალაქეებზე და ქართული ოცნება ასევე ამყარებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თავის ურთიერთობებს, ძირითადი ინფრასტრუქტურის ობიექტების გადაცემა ხდება ჩინური კომპანიებისთვის. შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მისცეს საშუალება, რომ მოხდეს შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე, მის ევროატლანტიკურ მომავალზე, რომ ამას პასუხი არ გაეცეს.
მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით, ნებისმიერ პიროვნებასთან მიმართებით, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. MEGOBARI Act-ის ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლებთან და სენატის წევრებთან ერთად, კონგრესმენებთან ერთად უნდა მოხდეს სავიზო შეზღუდვების, სანქციების დაწესება იმათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ასევე, ვინც ახორციელებს რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს ძალისხმევა საქართველოში წამყვან პირებთან არის დაკავშირებული. საჭიროა ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს არჩევნებამდე საქართველოში.
MEGOBARI Act-ის კანონპროექტი ხაზს უსვამს უფრო ძლიერ, სიღრმისეულ ურთიერთობებს, რომლებიც საჭიროა დამყარდეს აშშ-საქართველოს შორის. აქ იგულისხმება დახმარების პაკეტებიც, თუ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს. მნიშვნელოვანია, ვანახოთ ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საქართველოს მოსახლეობას. MEGOBARI Act არის ძალიან ძლიერი აქტი და მივესალმებით ასევე Freedom House-ის პოზიციას ამასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ამ ძალიან რთულ მდგომარეობაზე, რომელიც საქართველოში არის შექმნილი", - თქვა ჯო უილსონმა. [სინქრონული თარგმანი]