უჩა აბაშიძის ცოლი დაკავებაზე: სახლში ძალით ჩამომიყვანეს, ვუკავშირებ აქციებში მონაწილეობას

უჩა აბაშიძის ცოლი დაკავებაზე: სახლში ძალით ჩამომიყვანეს, ვუკავშირებ აქციებში მონაწილეობას

უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი ბლოგერის დაკავებას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.

მისი თქმით, სწორედ აბაშიძისა და მისი ნაცნობების კრიტიკული განწყობილება გახდა პოლიციის ამგვარი ქმედებების საფუძველი.

"ამ ფაქტს პირდაპირ ვუკავშირებ აქციებზე მონაწილეობას. იმის გამო, რომ ჩემი მეგობრები, ჩემი ახლობლები ეწინააღმდეგებიან ამ რეჟიმს. ის, რომ ისინი არიან წინააღმდეგნი და ჩემს პოზიციაც მეც გარკვევით ვაფიქსირებ, გახდა პოლიციის შემოსვლის მიზეზი", - თქვა მან.

იაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პოლიციელებმა იგი საკუთარ სახლში "ძალით ჩაიყვანეს" და ასევე არ განუმარტეს, რომ ჩხრეკის ორდერში შენიშვნების დაფიქსირების უფლება ჰქონდა.

პოლიციამ ბლოგერის ცოლს სახლში შესვლის მიზეზად ვებ-გვერდებზე შეღწევასთან დაკავშირებული საკითხი დაუსახელეს, თუმცა იაშვილი ამბობს, რომ პოლიციელებმა სახლიდან ამოიღეს ისეთი ნივთები, რომლებიც "საქმესთან არაფერ შუაში იყო."

"მიზეზი ვერაფერი მითხრეს, ერთადერთი ის, რაც მოსვლისას ჩაწერეს - საუბრობდნენ კიბერ... საიტებზე შეღწევა ან რაღაც მსგავსი, სრული აბსურდი. არაფერი არგუმენტირებული, არც ნაჩვენები.

სახლიდან რაც ჩათვალეს საჭიროდ ის აიღეს. ისეთი რაღაცები ამოიღეს, რაც საქმესთან საქმიანობასთან არაფერ კავშირში იყო", - თქვა უჩა აბაშიძის ცოლმა.

***

პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. მისი თქმით, აბაშიძესთან მხოლოდ სამი წუთით გასაუბრების საშუალება ჰქონდა. სხვა დეტალები მისთვის უცნობია.

"უკვე დაკავებული ადამიანი ჩამოჰყავდათ სახლიდან, მაშინ აგვიშვეს ჩვენ. დაცვის უფლება უჩა აბაშიძეს უკვე დარღვეული აქვს", - თქვა აბაშიძის ადვოკატმა.

ამ დროისთვის აბაშიძის სახლთან მის მხარდასაჭერად მოქალაქეები არიან შეკრებილნი.

პოლიცია ბლოგერის სახლში რამდენიმე საათის წინ შევიდა. აბაშიძეს ტელეფონის გამოყენების უფლებას და მასთან არ უშვებდნენ ადვოკატს.

ბლოგერის ასევე ძმა ამბობს, რომ დაკავება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უჩა აბაშიძის აქტიურობას უკავშირდება.