
თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული ორი აქტივისტი - დათუნა დანელია და გიორგი დუმბაძე 5 000-5 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
მანამდე მოსამართლე ცეკვავამ თვალჭრელიძის ქუჩიდან გამოსახლებულები და დაკავებულები 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა.
24 ივლისს თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში საცხოვრებლიდან ადამიანების ძალადობრივად გამოსახლება მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში 17 ადამიანი დააკავა.
ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.
ამ დროისთვის, გამოსახლების პროცესის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ქველაძეები - მამა და ორი შვილი გაათავისუფლეს. განაჩენის გამოცხადებას კიდევ 12 დაკავებული ელოდება, მათგან 4 პირის პროცესი გადაიდო.
დაკავებულთა შორის არიან საცხოვრებელში მცხოვრები ადამიანები, ასევე სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.