თურქეთში სოციალური ქსელი ინსტაგრამი დაბლოკეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამმართველომ მიიღო.
მანამდე, თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა ინსტაგრამის ხელმძღანელობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც, ინსტაგრამში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებული სამძიმრის შემცველი ჩანაწერების გავრცელება შეიზღუდა. ალთუნი ამბობდა, რომ სოციალური ქსელი ცენზურის დამყარებას ცდილობს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, აკრძალვა მას შემდეგ მოიხსნება, როგორც კი სოციალური ქსელი ჰანიეს მკვლელობაზე "ცენზურას" მოხსნის.