თსუ-ის სტუდენტები: ხვალ მთავარი გამოცდა გველის დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან

თსუ-ის სტუდენტები: ხვალ მთავარი გამოცდა გველის დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ ხვალ, დილის 9 საათზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას უერთდებიან.

მათი თქმით, ხვალ ქვეყნის ბედი წყდება.

"გაყალბებული არჩევნებით დაგვინიშნა ერთმა კაცმა ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც, ხალხის ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე იკრიბება ხვალ.

ხვალ წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. არჩევანი ჩვენს ხელთაა - ან ვეგუებით მოპარულ არჩევნებს და უარს ვამბობთ მომავლის პერსპექტივაზე, ან ვიბრძვით, ვიცავთ ჩვენს თითოეულ ხმას და ვიმარჯვებთ.

სტუდენტები არ ვაპირებთ, შევეგუოთ გარუსებას, ცენზურას, თავისუფლების შეზღუდვას, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მასობრივ რღვევას და წართმეულ მომავალს.

ხვალ მთავარი გამოცდა გველის დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან.

სხვებთან ერთად, თსუ-ს სტუდენტებიც ვტოვებთ აუდიტორიებს, გავდივართ პარლამენტთან და ვიბრძვით წართმეული ხმების დასაბრუნებლად. გაიმარჯვებს საქართველო", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის მოქალაქეების ნაწილი პარლამენტთან იკრიბება, ისინი ღამის გათევას აპირებენ. მეორე ნაწილი კი ადგილზე დილის 9:00 საათზე მივა. პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი.