მსახიობმა, გივიკო ბარათაშვილმა, ახალი თეატრის წინ საპროტესტო მანიფესტის დროს რეჟიმის პატიმრის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, სადაც ის წერს, რომ ამაყობს იმ ადამიანებით, ვინც აპროტესტებს და მისივე თქმით, "ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის, გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში".
„სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი ცოტა მომიწევს.
როცა ვამბობ თქვენ, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს პირადად და კონკრეტულად. ნაცნობებს და უცნობებს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული პირველ რიგში საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული.
ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო.
ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში. ალბათ ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის, გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში. ალბათ თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის. დიდი მადლობა და მენატრებით!", - წერს ანდრო ჭიჭინაძე წერილში.