ცისკარიშვილი: ვინც ენმ-ს თავს ესხმის, მანიფესტზე შემოერთდებით ვაძლევთ საშუალებას, დაბრუნდნენ

ცისკარიშვილი: ვინც ენმ-ს თავს ესხმის, მანიფესტზე შემოერთდებით ვაძლევთ საშუალებას, დაბრუნდნენ

პარტიის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე თვეა "პარტიას თავს გარედან ესხმიან", მანიფესტზე შემოერთდებით, ეძლევათ საშუალება, ისევ დაბრუნდნენ გუნდში.

"ეს ადამიანები, ძალიან ბევრი მათგანი, უკვე 8-9 თვეა გარედან პარტიას თავს ესხმის, საკუთარი თავი პარტიის გარეთ დააყენეს. ჩვენ, პირიქით, ვაძლევთ მათ საშუალებას, ამ მანიფესტზე შემოერთებით გუნდში დაბრუნდნენ. კიდევ რამდენიმე დღე იქნება, ალბათ, იმისათვის, რომ გაიარონ კონსულტაცია, გაიაზრონ, გაეცნონ ტექსტს, საკუთარ თანამოაზრეებში იმსჯელონ ამ ყველაფერზე და მიიღონ გადაწყვეტილება, უერთდებიან, უბრუნდებიან ენმ-ს, თუ კიდევ უფრო შორს აყენებენ და რიყავენ საკუთარ თავს", - განაცხადა მან.

ამ წუთებში ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობა შეკრებას მართავს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. შეხვედრაზე წაიკითხავენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვასაც. ორგანიზატორების განცხადებით, შეკრების იდეა ერთობის ჩვენებაა.

ამ დრომდე ადგილზე არ გამოჩენილა ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ჯერ კიდევ უცნობია, მოაწერს თუ არა ის მანიფეტს ხელს.

***

ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ, 22 ნოემბერს 11-პუნქტიან მანიფესტი: "რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე" გამოაქვეყნა, რომელიც პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს.

ნაციონალური მოძრაობის 11-პუნქტიანი მანიფესტი სრულად

პარტიული მანიფესტის ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბერს გამოვიდა და თქვა, რომ ვინც მას ხელს არ მოაწერდა, ავტომატურად დააყენებდა თავს "პარტიის გარეთ". მან გამოქვეყნებულ პოსტში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და თქვა, რომ "არ აქვს პრობლემები კონკრეტული ადამიანების მიმართ, თუმცა ვერ დაეთანხმება ცალკეულ მიდგომებს".

სააკაშვილის თქმით, ვერ იზიარებს ზოგიერთ მოსაზრებას ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილისა და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. მან ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის პარტიის მხარდამჭერებს შესთავაზა, რომ 23 ნოემბრამდე შემუშავებულიყო მანიფესტი, რომელშიც შესული იქნება ყველა ფუნდამენტური საკითხი, რომელსაც ერთობლივად მოაწერენ ხელს.

მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან ნაციონალურ მოძრაობაში დიდი შეკრება გაიმართება, რომელზეც ბევრი საკითხი განიხილება.

ლევან ხაბეიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, იქნება თუ არა 23 ნოემბერი პარტიაში ერთიანობის გამოვლინების დღე და "ვინც წასვლას აპირებენ - წავლენ, თუ დარჩებიან", რაზეც ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა: "თუ არადა, გავუშვებთ. კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებ, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი".

მოგვიანებით, ენმ-ის წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ პარტიის მიერ წარდგენილ 11-პუნქტიან მანიფესტთან შეერთება აუცილებელია. მისივე თქმით, პარტიიდან არავის გარიცხვა არ იგეგმება და მთავარი იდეა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს.