
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა.
ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 13 818-ს შეადგენს.
ასევე, ცესკო-ს თანახმად, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი.
"საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა - მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.
წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 ათასამდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მომართა.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანში კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო - 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაშია გახსნილი", - აცხადებენ ცესკო-ში.