შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც კაცს მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას სრულად ეუფლებოდა

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც კაცს მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას სრულად ეუფლებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრეფიკინგის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს.

შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი 1981 წელს დაბადებული ი.შ. გადაიბირა, რომელსაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდა მის კუთვნილ ხილ-ბოსტნის მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, რის სანაცვლოდაც თანხას არ უხდიდა.

ასევე, შსს-ს მიხედვით, დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ი.შ. მაღაზიაში მუშაობას დაასრულებდა, ბრალდებულის მითითებით თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე შუქნიშანზე გაჩერებული ავტომობილების მძღოლებისგან მოწყალებას ითხოვდა, ხოლო ამ გზით გამომუშავებულ თანხას ნ.გ. სრულად ეუფლებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.