
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 სექტემბერს ოვალურ კაბინეტში გამოსვლის დროს მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის გამო.
"ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რასაც რუსეთი და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აკეთებს. ის ხალხს უმიზეზოდ კლავს", - თქვა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მან თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთში მიდის.
"ისინი ყველაფერს საშინლად ბომბავენ და ძალიან ცოტა ტერიტორიას იკავებენ, თუ საერთოდ იკავებენ", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენმა და დასძინა, რომ სინამდვილეში, რუსეთი კარგავს გარკვეულ ტერიტორიას, რაც ძალიან ცუდია მისი რეპუტაციისთვის.
"ეს ომი უნდა დასრულებულიყო. ეს ომი ჩვენი ომი რომ ყოფილიყო, ერთ კვირაში დავასრულებდით", - აღნიშნა მან.
ოვალურ კაბინეტში საუბრისას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ასევე ჰკითხა, კვლავ თვლიდა თუ არა ის, რომ კიევს შეუძლია დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ - "დიახ, მათ ამის შანსი აქვთ".
გაზეთი Wall Street Journal წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციის შეცვლა უკრაინის შესაძლებლობებზე რუსეთის დამარცხების საკითხში მოჰყვა ამერიკელი ოფიციალური პირების ბრიფინგებს ფრონტის ხაზის ამჟამინდელი ვითარებისა და უკრაინის შესაძლო სამომავლო შეტევების შესახებ.