"ცენზურის საფრთხეს ზრდის, საგანგაშოა" - SJC "უხამსობაზე" ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება

"ცენზურის საფრთხეს ზრდის, საგანგაშოა" - SJC "უხამსობაზე" ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) პარლამენტის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში "სიძულვილის ენაზე" სადავო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებას განცხადებით ეხმაურება.

ორგანიზაციის შეფასებით, მარეგულირებელ კომისიაზე დამატებითი ძალაუფლების გადაცემა, გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვისა და კრიტიკული მედიასაშუალებების თავისუფლებაში ჩარევისა და მათი დასჯის მომეტებულ რისკს შეიცავს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში გატარებული დაჩქარებული ცვლილებები მედიის კონტროლის მომატებულ რისკს ქმნის, ამასთან, ზრდის ცენზურის დაწესების საფრთხეს.

"19 ოქტომბერს მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებები, რაც განსაკუთრებულად აფართოებს ეროვნული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს ჩაერიოს მაუწყებლების პროგრამების შინაარსში, საქართველოში მედია ორგანიზაციების კონტროლისა და ცენზურის დაწესების საფრთხეს ზრდის. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა მაუწყებლის შესახებ კანონში პრობლემური ცვლილებები იმდენად ნაჩქარევად მიიღო, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ საკითხზე დაწყებული კონსულტირების პროცესი არც კი დაასრულა.

ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მე-7 პუნქტი, საქართველოს ხელისუფლებას თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. მაუწყებლის შესახებ კანონში განხორციელებული აღნიშნული ცვლილებები, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ასევე ნაჩქარებად გატარებულ ცვლილებებთან ერთად[27], რომელიც შეკრებების დროს პოლიციის უფლებამოსილებას ზრდის, ქვეყანაში დემოკრატიულ და პლურალისტურ გარემოს მკვეთრად შეზღუდავს.

ეს ცვლილებები შეუსაბამობაში მოდის როგორც გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ უფლებრივ სტანდარტებთან, ისე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ეროვნულ ინტერესებთან და სულისკვეთებასთან. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოხატვის და შეკრების თავისუფლებისთვის მკვეთრად დამაზიანებელი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება მისი უფლებრივი და სოციალური კრიტიკის მიღმა, (გეო)პოლიტიკური მიზანშეწონილობის კრიტიკასაც ვერ უძლებს და საგანგაშოა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

***

უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის "სიძულვილის ენისა" და "უხამსობის" რეგულირების კუთხით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებს აფართოვებს.

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილა.

განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 552-ე მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება კი, შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის არსებული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ცვლილების თანახმად, 552-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

კერძოდ, მედიასაშუალებებს, რომლებიც "დაარღვევენ მოთხოვნებს" და გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.

17 ოქტომბერს მედიის ადვოკატირების კოალიციამ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით შეშფოთების სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვთ.