თეა წულუკიანს სასამართლო დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანაშრომელმა მედეა გვაზავამ მოუგო. მას იურიდიული დახმარება საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) გაუწია.
მათი ცნობით, ნოტარიუსი გვაზავა მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით 2020 წლის 22 სექტემბერს გაათავისუფლეს.
"გათავისუფლების საფუძველი იყო "ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის იმდროინდელი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსს თანამდებობაზე ყოფნის უფლება ჰქონდა 65 წლის ასაკამდე. თუმცა, კანონი გამონაკლისის სახით ადგენდა, რომ იუსტიციის მინისტრს შეეძლო ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაეგრძელებინა მისთვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით.
ამის საპირისპიროდ, მედეა გვაზავას არ დასცალდა ესარგებლა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობით, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ბევრად ადრე მიიღო, ვიდრე მედეა გვაზავას შეუსრულდებოდა 65 წელი", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, აღსანიშნავია, რომ მედეა გვაზავამ მოიგო ძირითადი სასარჩელო დავა, რის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილებები და გაუგრძელა მას უფლებამოსილების ვადა. აღნიშნულის შემდგომ ნოტარიუსმა დაიწყო მეორე დავა მორალური ზიანისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე იმ შემოსავლისთვის, რომელიც მან ვერ მიიღო უკანონოდ გათავისუფლების გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაავალა.