დღეს ყველა რეგიონში საოლქო-საარჩევნო კომისიების სხდომა იყო ჩანიშნული, სადაც საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები დაამტკიცეს.
ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომაზე საუბნო კომისიების წევრთა დამტკიცება პირველი კენჭისყრით ვერ მოხერხდა, რადგან სიას მხარი ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს, მაგრამ მეორე კენჭისყრით საუბნო კომისიის 560-ვე წევრი დაამტკიცეს.
ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძე ამბობს, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები არა პროფესიული, არამედ პარტიული ნიშნით შეირჩა და ისინი ქართული ოცნების ინტერესებს გაატარებენ.
"560 ადამიანის სია იყო ზუგდიდში, შესაბამისად, 560-ვე გავშიფრეთ: ერთიც კი არ არის ადამიანი, რომელიც არაა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ან არ არის ქართული ოცნების წევრი, ეს არის დანაშაული, რომლის სათავეში დგას საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხი, რომელიც, თავის მხრივ, უშუალო დავალებებს იღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან... კანონის მიხედვით, ისინი თავისუფალი უნდა იყვნენ ნებისმიერი პარტიის გავლენისაგან, მაგრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა საოლქო-საარჩევნო კომისიამ, რომ ისინი არ აპირებენ ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას", - განაცხადა წითლიძემ.