
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია ეხმაურება ტექნიკური უნივერსიტეტის სარჩელს და აცხადებს, რომ ამ საქმეს სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს.
თოფურია განმარტავს, რომ ქონება ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა და ის უნივერსიტეტს რამდენიმე მილიონად აქვს ნაყიდი.
UG-ის რექტორი ასევე აღნიშნავს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი მტკიცებულებების მხრივ ვერაფერს წარმოადგენს.
"სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს იმიტომ, რომ როგორც გახსოვთ, ბატონი გურგენიძე ამბობდა, რომ სამართლებრივად ვერაფერს ვერ გავხდებითო, საქართველოს უნივერსიტეტს ყველაფერი კანონიერად აქვს შეძენილი ეკონომიკის სამინისტროდან და თვითონ გურგენიძე წულუკიანის კომისიაზე ითხოვდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ.
რაც შეეხება ერთ ლარად შეძენას, ეს არის უტიფარი ტყუილი, რომელიც წლების განმავლობაში მეორდებოდა, ჩვენ სასამართლოშიც გავასაჩივრეთ ეს, თუმცა, რა თქმა უნდა, რეაგირება არ ყოფილა. ეს ქონებები, თვითონ გურგენიძეც და მისი პრორექტორი კოპალიანიც აღიარებს, რომ იყო რამდენიმე მილიონად შეძენილი თავის დროზე. როცა საუბრობენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს კაპიკი არ მიუღიაო, ეს ლოგიკურია. წულუკიანმაც განუმარტა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ გაიდა ეს ქონებები და შესაბამისად, ფული შეუვიდა ეკონომიკის სამინისტროს. ეს ქონებები იყო არა ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრება, არაედ ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება"- თქვა თოფურიამ.
მისივე თქმით, საქართველოს უნივერისტეტის ტერიტორიაზე იყო დაუმთავრებელი შენობები, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტი არც სასწავლო და არც კვლევით საქმიანობას არ ახორციელებდა.
"ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს დაუმთავრებელი შენობები, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა და საქართველოს უნივერსიტეტმა რამდენიმე მილიონად შეიძინა. ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი ბევრი ქონება აქვს, რომელიც ასევე მოუვლელია და გუშინ პრემიერმინისტრმაც აღნიშნა, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობაშია უნივრესიტეტების ინფრასტრუქტურა. ჯერ იმ შენობებს მოუარონ, რაც ჩაბარდათ და უზურფუქტით გადასცა ეკონომიკის სამინისტრომ. მტკიცებულებების მხრივ ვერაფერს წარმოადგენენ. ასეთი რამ არ არებობს. შენობების წართმევის პერსპქტივას ვერ ვხედავ მე ამ წუთას. პროკურატურით და სასამართლოთი ეს ვერ მოხდება და სხვანაირად..."- თქვა თოფურიამ.
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას მიმართა.
კერძოდ, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის მტკიცებით, საქართველოს უნივერსიტეტის ტერიტორია მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა "მიიტაცა".
ამ საკითხთან დაკავშირებით ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განცხადება გააკეთა და საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საკითხის შესწავლა დააანონსა.