თევზაძე: ოცნებამ ID ბარათებით მონაცემები გააციფრულა და აპარატებში დუბლირებით ჩაამატა

თევზაძე: ოცნებამ ID ბარათებით მონაცემები გააციფრულა და აპარატებში დუბლირებით ჩაამატა

კოალიციაში ცვლილებისთვის საუბრობენ კონკრეტულ სქემაზე, რომლითაც მათი თქმით, ქართულმა ოცნებამ არჩევნების შედეგები გააყალბა.

კოალიციის წევრი, თენგო თევზაძე აცხადებს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამომრჩევლებისთვის პირადობების გამორთმევით ქართულმა ოცნებამ მონაცემების გაციფრულება და აპარატებში დუბლირებით ჩამატება მოახერხა.

"ქართულმა ოცნებამ რეგისტრატორებთან ერთად და მათ შორის ბოლო სამი თვის განმავლობაში, როდესაც ის პირველად ართმევდა აიდი ბარათებს საკუთარ ამომრჩეველს, რითაც მოახდინა საკუთარი ამომრჩევლის დაზუსტება, მონაცემების გაციფრულება და სხვადასხვა უბნებზე ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩამატება. ანუ საშუალოდ 30 000-დან 50 000-მდე ოცნების ამომრჩეველს მინიმუმ ოთხ უბანზე მისვლით შეეძლო გაეოთხმაგებინა შედეგი. ანუ 200 000 ამომრჩევლის შედეგი დაეფიქსირებინა.

ამას გვიმტკიცებს ორი არგუმენტი - ამის დამზღვევი შეიძლება ყოფილიყო მარკირება და მარკირებას აკეთებენ რეგისტრატორები, რომლებიც არიან ქართული ოცნების წევრები და მათ მიერ დანიშნულები. ანუ რეგისტრატორი არის ოლქის მიერ დანიშნული წევრი, რომელიც ოცნების მიერ შერჩეულია.

ამასთან ერთად, საბოლოო შედეგებით, ჩეკებით, როცა მონაცემები შემოვიდა, დაახლოებით 45 ათასი არის დისბალანსი საბოლოო შედეგებში, რაც ბიულეტენებში ამოვიდა და აქტივობას შორის. ამ ნაწილსაც ვამოწმებთ"- თქვა თევზაძემ.

მისივე თმით, საჭიროა გარე აუდიტი ნეიტრალური საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან.

"ამ მიმართულებით აუცილებელია გარე აუდიტი, ნეიტრალური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რათა დადგინდეს, იმ აპარატში ნამდვილად იყო თუ არა სხვა პირადობები შეყვანილი, რომლითაც შეეძლოთ სხვადასხვა უბანზე მისვლა და ხმის მიცემა ისე, რომ ვერიფიკაციის აპარატს არ გამოეცა შესაბამისი სიგნალი"- თქვა თევზაძემ.

ცესკოს წინასწარი შედეგებით (01:37 საათი) ქართულ ოცნებას - 53% აქვს, პროდასავლურ ოპოზიციას კი - 38,22%.

იხილეთ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები.