
თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
კერძოდ, განცხადების თანახმად, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, უზრუნველყონ კომერციული გემების უსაფრთხო დერეფანი და შეწყვიტონ სამხედრო დარტყმები შავ ზღვაში.
ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა.
განცხადების თანახმად, აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, უზრუნველყონ უსაფრთხო ნავიგაცია, აღმოფხვრან ძალის გამოყენება და აღკვეთონ კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შავ ზღვაში.
გარდა ამისა, თეთრი სახლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კიევი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ ზომების შემუშავებაზე, რომლებიც კრძალავს თავდასხმებს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
"აშშ და რუსეთი გააგრძელებენ მუშაობას გრძელვადიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. [...] მიესალმებიან მესამე ქვეყნებს საზღვაო და ენერგეტიკული შეთანხმებების განხორციელების მხარდაჭერაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.