
თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს.
X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტებმა მშვიდობისა და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
"ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს გრძელვადიანი მშვიდობით", - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე ლიდერს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვთ.
ამასთან, თეთრი სახლის განცხადების თანახმად, "ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა ერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით დაიწყება". ასევე, "ტექნიკური მოლაპარაკებებით შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის, სრული ცეცხლის შეწყვეტის და მუდმივი მშვიდობის შესახებ".
Readout of President Donald J. Trump's Call with President Vladimir Putin:
Today, President Trump and President Putin spoke about the need for peace and a ceasefire in the Ukraine war. Both leaders agreed this conflict needs to end with a lasting peace. They also stressed the…
საუბრის შესახებ ინფორმაცია კრემლმაც გაავრცელა.
კრემლის ცნობით, საუბრის დროს აღნიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისა და მისი პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით საკვანძო პირობა უნდა იყოს საგარეო სამხედრო დახმარებისა და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეწყვეტა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა.
სატელეფონო საუბარი დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დღევანდელ სატელეფონო საუბრამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ დაელაპარაკება.
მან აღნიშნა, რომ საბოლოო შეთანხმების მრავალი ელემენტი უკვე შეთანხმებულია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი.
"პრეზიდენტ პუტინს დაველაპარაკები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. საბოლოო შეთანხმების მრავალი ელემენტი უკვე შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი", - თქვა დონალდ ტრამპმა.