შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია.
უწყების განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის, რუსეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, ირანის, იემენის და იორდანიის მოქალაქეები.
შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე შეიძინა ნარკოტიკები და ეს ფარულად ჩაიწერა. მათი განცხადებით, ნივთმტკიცებად ამოღებულია, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
მათივე ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა მოქმედი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა.
უწყების განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები და ისინი ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული.