Georgian Water and Power-ში აცხადებენ, რომ თბილისის ნაწილს რამდენიმე დღის განმავლობაში წყალი გრაფიკით მიეწოდება, ვიდრე წიწამურის მიმდებარედ დაზიანებული მაგისტრალური წყალსადენი არ აღდგება.
ეს კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან თქვა და აღნიშნა, რომ სამუშაოებს ხვალ დილიდან დაიწყებენ.
მან ასევე ვერ დააკონკრეტა ზუსტი თარიღი, როდემდე იქნება თბილისში წყალმომარაგება გრაფიკით.
"ხვალ დილიდან ჩაირთვება რეჟიმი მომხმარებლებთან მიმართებაში, რომელიც ითვალისწინებს მინიმუმ სამსაათიან და მაქსიმუმ შვიდსაათიან მიწოდებას დღის განმავლობაში. ამ ყველაფრის თაობაზე ჩვენ დეტალურ ინფორმაციას გავუზიარებთ მომხმარებლებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აბსოლუტურად წყლის გარეშე ვტოვებთ მომხმარებლებს სამუშაოების წარმოების განმავლობაში და მეორე - ძალიან მოხარული ვიქნებოდი, რომ შემეძლოს იმის თქმა, რომ ამას ხვალ დავიწყებთ და ზეგ დავამთავრებთ, თუმცა, სირთულიდან გამომდინარე, არ მინდა ვინმე შეცდომაში შევიყვანო, ამიტომ აღვნიშნავ, რომ სამუშაოები დაიწყება ხვალვე და დასრულდება შესაძლოდ მაქსიმალურად მოკლე ვადაში.
ჩვენ ჩვენს კონტრაქტორთან ერთად ვიმუშავებთ 24-საათიან რეჟიმში. პარალელურად, იქნება გარკვეული რეჟიმი დაწესებული იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც იკვებება ამ მილსადენით"- თქვა წარმომადგენელმა.
16 ივნისს კომპანია გაავრცელა განცხადება, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.