ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ მამუკა მდინარაძე და ბექა ოდიშარია, რომლებმაც პარლამენტში მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთეს, "ძალადობის მსხვერპლნი არიან".
ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ 26 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ თუ ვინმე პრორუსს დაუძახებს, "ცხვირ-პირში მიიღებს". რამდენიმე დღით ადრე, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პრორუსს ვინც დაუძახებს, აუცილებლად დედას აგინებს.
კალაძე არ სცემს პასუხს კითხვას, ემიჯნება თუ არა მმართველი გუნდის ლიდერების მუქარის შემცველ განცხადებებს და მედიას ესხმის თავს. ის აცხადებს, რომ ძალადობა "ტელევიზიების საშუალებით გაკეთებული განცხადებებია, რასაც გმობს".
"იგივე ჩემი კოლეგების, პარლამენტარების მიმართ გაკეთებული განცხადებები თქვენი ტელევიზიის საშუალებით და გამოყენებით, ესეც ძალადობაა. ძალადობა მარტო ფიზიკური არ არსებობს, მე ამას ვამბობ. სიტყვიერი ძალადობაა, ის რასაც აკეთებთ პოლიტიკოსების ოჯახების წინააღმდეგ, ის, რომ უვარდებით ოჯახებში, ეს ხომ ჩვეულებრივი ძალადობაა.
ეს ადამიანები [ბექა ოდიშარია, მამუკა მდინარაძე], ვინც ჩამოთვალეთ, არიან ძალადობის მსხვერპლნი. ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის. ის, რასაც თქვენ აკეთებთ ტელევიზიების საშუალებით, ეს ჩვეულებრივი ძალადობაა, რასაც მე ვგმობ და კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი ქმედებები, სიცრუე", - აცხადებს კალაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ორმაგი სტანდარტი ის, რომ კალაძე მიუთითებს ტელევიზიების ძალადობაზე, თანაპარტიელების მუქარას კი არ ემიჯნება, კალაძე აცხადებს, რომ მისი თანაპარტიელები "პასუხს სცემენ [ტელევიზიების] ძალადობას და თავს იცავენ".
"ტელევიზიები მაგალითისთვის მოვიყვანე, იმიტომ რომ, როდესაც ტელევიზიას იყენებ ამგვარი ქმედებებისთვის, ხარ ჟურნალისტი, კონკრეტული ტელევიზიის დამფუძნებელი, ეს არის ძალიან მძიმე. პოლიტიკოსი რომ გპასუხობთ თქვენს ძალადობაზე, ეს არის პასუხი, იმ ძალადობაზე, რასაც თქვენ აკეთებთ და ეს არის თავდაცვა იმ ძალადობისგან, რასაც თქვენ კადრულობთ და აკეთებთ", - აცხადებს კალაძე.