თარგამაძე მკვლელობის მცდელობაზე: ახლა სრულიად ნათელია, რომ დამკვეთი იყო ივანიშვილი

თარგამაძე მკვლელობის მცდელობაზე: ახლა სრულიად ნათელია, რომ დამკვეთი იყო ივანიშვილი

პროკურატურის განცხადების შემდეგ პოლიტიკოსი გივი თარგამაძე ამბობს, რომ მასზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. როგორც მან ფორმულას უთხრა, ეს მისთვის სრულიად ნათელი გახდა.

"ცინიზმი არის ის, რომ ერთი ტერაქტით ორ არჩევნებზე უნდათ ზემოქმედება. [...] ახლა ეს საქმე არის სრულიად ნათელი, ჩემთვის არის სრულიად ნათელი, რომ დამკვეთი იყო რა თქმა უნდა ივანიშვილი, შემსრულებელი ეს მთავრობამ, რუსების მონაწილეობით, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს ჯგუფები ყოველთვის რუსებზე მუშაობდნენ. შესაბამისად, ორ კვირაში, როდესაც ისინი დატოვებენ ხელისუფლებას და დამყარდება ნორმალური მართლმსაჯულება, პირობას ვაძლევ, რომ არათუ ხეჩოშვილი ვერ დატოვებს საპატიმროს, სათითაოდ მიუსხდებიან ყველანი გვერდზე", - განაცხადა თარგამაძემ.

დღეს პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე მორიგი განცხადება გამოაქვეყნა. მათი მტკიცებით, გივი თარგამაძეს სააკაშვილის დაკვეთით უთვალთვალებდნენ. პროკურორმა თქვა, რომ ეს ინფორმაცია მიიღეს მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული დარჩო ხეჩუაშვილისგან. უწყების განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილი არ ენდობოდა გივი თარგამაძეს და ეჭვობდა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. ამიტომ 2016 წელს მისი კონტროლი და თვალთვალი დაავალა შოთა ჭიჭიაშვილს, რომელმაც საქმეში, თავის მხრივ, დარჩო ხეჩუაშვილი ჩართო.

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. ამ ბრალდებით ხეჩუაშვილი პოლიციამ 2024 წლის 19 სექტემბერს დააკავა, როდესაც მას საქართველოში შემოსვლა სურდა. ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი კი უკრაინაში 2019 წელს მოკლეს.