ქართული ოცნების დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს "რევოლუციისკენ" მოუწოდებს.
"რას გულისხმობს, ხომ ცხადზე ცხადია. [სააკაშვილი ზურაბიშვილს] მოუწოდებს რევოლუციისკენ, მოუწოდებს გაერთიანებისკენ, დესტაბილიზაციისკენ და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმისკენ. მეორე სერია ეგ იქნება, რომ მოუწოდოს, თავს დაესხით სახელმწიფო ინსტიტუტებსო, რაც გვინახავს ამის სათავეში", - თქვა თალაკვაძე.
დღეს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ზურაბიშვილის მიერ ევროპული ერთიანობის პლატფორმის ინიცირებას მიესალმება, თუმცა ახლა არა დისკუსიის, არამედ საქმის დროა.
6 თებერვალს, ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიური მოხსენების წარდგენისას ოპოზიციას მომავლის ქარტიის - ერთობის პლატფორმა ევროპისთვის შექმნა შესთავაზა. ზურაბიშვილის თქმით, ის მზადაა, პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და მის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.