პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინას მხარს არ უჭერენ, ევროკავშირს ღალატობენ. ამის შესახებ მან კიევში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"თქვენ მოუწოდებთ მსოფლიოს, რომ გაიღვიძოს, რომ თუ არსებობს ბოროტება, მას უნდა დაუპირისპირდე. უნდა ებრძოლო და არ შეგეშინდეს. ეს არის 21-ე საუკუნის უდიდესი გაკვეთილი მთელი მსოფლიოსთვის და მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ, პოლონელი ქალებისა და კაცების სახელით, მთელი ევროპის სახელით.
ევროპა იპოვის გზას და ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას ყოველგვარი დათქმის გარეშე, ორბანთან ერთად ან მის გარეშე, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას მის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც ახლა, ომის დროს. იგულისხმება ფინანსური მხარდაჭერა. ასევე, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა", - აღნიშნა მან.
პოლონეთის პრემიერი კიევში გუშინ ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მათ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები და NATO-ს სამიტის მოლოდინები განიხილეს.