
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის 2014 წელს უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებული პრეზიდენტის ოფიციალურ შეტყობინებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დოკუმენტში აღწერილია, რომ უკრაინასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა კვლავ მოქმედებს, რომელიც ითვალისწინებს 2014 წლის მარტსა და დეკემბერში, ასევე 2018 წლის სექტემბერსა და 2022 წლის თებერვალში აშშ-ის წინა პრეზიდენტების ბრძანებულებით დაწესებულ სანქციებს.
"ის მოქმედებები და რეფორმები, რომლებიც აღმასრულებელ ბრძანებებშია ხაზგასმული, აგრძელებენ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის უჩვეულო საფრთხის შექმნას.
ამის გამო, ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, გამოცხადებული აღმასრულებელ ბრძანებაში 13660, რომელიც გახანგრძლივდა აღმასრულებელი ბრძანებებით - 13661, 13662, 14065, 13685 და 13849, ძალაში უნდა დარჩეს 2025 წლის 6 მარტის შემდეგ.
ეროვნული საგანგებო სიტუაციების აქტის 202(d) მუხლის თანახმად (50 USC 1622(d)), მე ვაგრძელებ 13660 აღმასრულებელი ბრძანებით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ერთი წლით", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც დონალდ ტრამპი ხელს აწერს.
2014 წლის მარტში გამოცხადდა 13660 აღმასრულებელი ბრძანება, რომელის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პოლიტიკა და ქმედებები, ასევე უკრაინის მიმართ მისი დამოკიდებულება ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს უკრაინაში; ემუქრება მის მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას.