ტრამპის თქმით, პუტინთან "ძალიან კარგი და პროდუქტიული" საუბარი ჰქონდა

ტრამპის თქმით, პუტინთან "ძალიან კარგი და პროდუქტიული" საუბარი ჰქონდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მასსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

დონალდ ტრამპი საუბარს "ძალიან კარგს და პროდუქტიულს" უწოდებს.

"ჩემი დღევანდელი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო. ჩვენ შევთანხმდით დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე ყველა ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, იმის გათვლით, რომ ჩვენ ვიმუშავებთ სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე და საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის ამ საშინელი ომის დასრულებაზე. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა!", - წერს დონალდ ტრამპი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა.

სატელეფონო საუბარი დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საუბრის შემდეგ თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა.

X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტებმა მშვიდობისა და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

"ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს გრძელვადიანი მშვიდობით", - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე ლიდერს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვთ.

ამასთან, თეთრი სახლის განცხადების თანახმად, "ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა ერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით დაიწყება". ასევე, "ტექნიკური მოლაპარაკებებით შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის, სრული ცეცხლის შეწყვეტის და მუდმივი მშვიდობის შესახებ".

საუბრის შესახებ ინფორმაცია კრემლმაც გაავრცელა.

კრემლის ცნობით, საუბრის დროს აღნიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისა და მისი პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით საკვანძო პირობა უნდა იყოს საგარეო სამხედრო დახმარებისა და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეწყვეტა.