ტრამპის განცხადების შემდეგ EU ამბობს, რომ "უკრაინა დემოკრატიაა, პუტინის რუსეთი - არა"

ტრამპის განცხადების შემდეგ EU ამბობს, რომ "უკრაინა დემოკრატიაა, პუტინის რუსეთი - არა"

ევროკავშირი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით, რომელმაც გუშინ, 19 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტს "დიქტატორი" უწოდა.

"უკრაინა არის დემოკრატია, პუტინის რუსეთი - არა", - თქვა ევროკავშირის სპიკერმა სტეფან დე კერსმაკერმა.

ევროკავშირის სპიკერი ტრამპის კიდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და უკრაინას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და თქვა:

"ჩვენ საკმაოდ მტკიცე და პირდაპირი პოზიცია გვაქვს ამ საკითხზე: ზელენსკი ლეგიტიმურად იქნა არჩეული თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებში", - თქვა სტეფან დე კერსმაკერმა.

***

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ უკრაინას შეთანხმების მიღწევა მანამდე შეეძლო. ტრამპმა ეს განცხადება 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დადებითად შეაფასა, უკრაინას კი ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "დიქტატორი" უწოდა და "ურჩია", "სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყნის გარეშე დარჩება".