
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოპტიმისტურად აფასებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლებლობებს, მიუხედავად სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებისა, რომ ვაშინგტონის მოთმინება მოლაპარაკებებთან დაკავშირებით იწურება.
პარიზში გამართული შეხვედრების შემდეგ, რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ომის დასრულება მოლაპარაკებებით ვერ მოხერხდება, შეერთებულმა შტატებმა უნდა "გადაწყვიტოს საკითხი და წინ იაროს".
ტრამპმა რუბიოს შეფასებას "ზუსტი" უწოდა, თუმცა უფრო რბილი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შანსი რეალურია.
"დროს კონკრეტულად არ ვასახელებთ, მაგრამ სწრაფად გვინდა დასრულდეს," — განაცხადა ტრამპმა, როცა მას ჰკითხეს, თუ როდის შეიძლება აშშ მოლაპარაკებებიდან გავიდეს.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა: "თუ რომელიმე მხარე მოლაპარაკებას გაართულებს, ვეტყვით: სულელები ხართ, საშინელი ადამიანები ხართ — და უბრალოდ დავიხევთ უკან. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ასე არ მოხდება."
მისი თქმით, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ორივე მხრიდან "ომის დასრულების ნამდვილი სურვილი" უნდა იყოს. "ვფიქრობ, დიდ შანსს ვხედავთ, რომ ეს საქმე დასრულდეს. ახლა ყველაფერი კულმინაციას აღწევს," — აღნიშნა პრეზიდენტმა.