
„ხანგრძლივი და მტკივნეული კოშმარი საბოლოოდ დასრულდა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის ქნესეთში (პარლამენტში) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან დღევანდელ დღეს „ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟი“ უწოდა და ასევე მოუწოდა ყველა მხარეს, შეასრულონ ვალდებულება, შეწყვიტონ დაპირისპირება აღდგენის წასახალისებლად.
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანსაც „მეგობრობისა და თანამშრომლობის“ თხოვნით მიმართა.
სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ასევე შეაქო ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც, მისი თქმით, ექვსი კვირის განმავლობაში აიძულებდა ჰამასს დაეწყოთ მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის მიზნით.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული შეთანხმება ერთ-ერთი ყველზე რთული დიპლომატიური გარღვევა იყო და დაამატა, რომ მისი შემდეგი ფოკუსი რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება იქნება.
ცნობისთვის, დღეს ისრაელში დაბრუნდა მძევლების მეორე და საბოლოო ჯგუფი. აღნიშნული 13 ადამიანი წითელი ჯვრის შუამავლობით ისრაელელ სამხედროებს გადაეცა. 7 ადამიანის დაბრუნება კი რამდენიმე საათით ადრე განხორციელდა.
ღაზაში კვლავ რჩება 26 მძევლის ცხედარი, რომლებიც ოფიციალურად გარდაცვლილებად არიან გამოცხადებული - მათი გადმოცემა უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.
თავის მხრივ, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება ისრაელმაც დაიწყო - 38-მა ავტობუსმა უკვე გადაკვეთა ღაზის საზღვარი.
შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა სულ ტერორიზმში ბრალდებული 250 პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს, მათგან 135-ის საზღვარგარეთ დეპორტაცია მოხდება, ხოლო 14 აღმოსავლეთ იერუსალიმში, სახლში დაბრუნდება. დანარჩენი 100-მდე პირი კი სწორედ იმ ავტობუსებში იმყოფება რომლებიც რამალასკენ მიემართებიან.
პატიმრების გარდა, ისრაელმა ასევე უნდა გაათავისუფლოს ღაზაში დაკავებული 1700-მდე პირი, მათ შორის 22 არასრულწლოვანი.
ცნობისთვის, ისრაელმა და ჰამასმა სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას ხელი 9 ოქტომბერს მოაწერეს.